ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
16ოქტომბერი
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში GIEC-სა "Dongfang Electric“- შორის სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულებები გაფორმდება

16 ოქტომბერს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში იგეგმება ჩინური კორპორაცია "Dongfang Electric"-სა  და "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა, რაც საქართველოში ჩინური ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ დალიანში კორპორაცია “Dongfang Electric”-ის პრეზიდენტს სი ზეფუს შეხვდა, სადაც მოლაპარაკებები სამომავლო სტრატეგიულ მიზნებსა და თანამშრომლობის თაობაზე გაიმართა.

 

მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, ხელი ეწერება "განზრახულობათა ოქმს პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე". ჩინური მხრიდან, ხელს აწერს კორპორაცია “Dongfang Electric”-ის ვიცე პრეზიდენტი, ლან ზე ჰაი, ქართული მხრიდან "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალური დირექტორი, იორგ მათიესი.

 

გაფორმდება ძირითადი ხელშეკრულება ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის EPC თაობაზე. დოკუმენტს ქართული მხრიდან, კომპანია ,,ტყიბული 150“-ის დირექტორი, გივი ჭაჭია, ჩინური მხრიდან კი "Dongfang Electric”-ის ვიცე პრეზიდენტი, ლან ზე ჰაი მოაწერს ხელს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება 2016 წლიდან იგეგმება. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ., წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ.-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარია.

 

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იგეგმება “Dongfang Electric”-სა და  "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის ურთიერთაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ერთობლივ განხორციელებაზე.

 

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

 

16 ოქტომბერს დაგეგმილ ხელმოწერის ცერემონიას “Dongfang Electric”-ის პრეზიდენტი დაესწრება, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით იმყოფება.

 

""Dongfang Electric" წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს. კომპანია, ასევე, მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში, როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები. “Dongfang Electric" იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ანხორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

 

“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC - ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს.

ნახე მეტი