
საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, პასკალ მენიემ და საელჩოს კომერციულმა ატაშემ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" სათავო ოფისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. "ჯი-აი-ჯის“ დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა ფრანგ დიპლომატებს კომპანიის ბიზნესპორტფელი გააცნო, რომელიც როგორც ენერგეტიკულ, ასევე, არაენერგეტიკულ აქტივებსაც მოიცავს. ამასთან, დავით ბეჟუაშვილმა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრა და სტუმრებს კომპანიის გრძელვადიანი ხედვა წარმოუდგინა. თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე დაინტერესდა ორი ქვეყნის ბიზნეს კომპანიების შესაძლო თანამშრომლობისა და ფრანგული ინვესტიციების გაფართოების პერსპექტივით. კომპანიის მენეჯმენტის მოსაზრებით, საფრანგეთისა და საქართველოს ბიზნესის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას კიდევ უფრო რეალურს ხდის იმ შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები აძლევს.
დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ელჩის ვიზიტი გახდება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" წარმომადგენლებს შორის შემდგომი შეხვედრების საფუძველი, სადაც კონკრეტულ ფრანგულ კომპანიებთან საქართველოში ბიზნესის ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა განიხილება.