
"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ საერთაშორისო კონგრესი "ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" გახსნა, რომელიც მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე მსჯელობისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარებისთვის.
კონგრესს აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების მენეჯერები ესწრებოდნენ. ლევან ვეფხვაძე კონგრესის პირველი სესიის მოდერატორი იყო, სადაც სხვადასხავა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე ჰიდროელექტრო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კონგრესს "ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" საქართველო ორი დღის, 20-21 თებერვლის ფარგლებში მასპინძლობდა.
“საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (სსეკ) 2005 წლის ივლისში დაფუძნდა. GIEC - ჯიაიჯის შვილობილი კომპანიაა. ამჟამად ჯიაიჯი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. სსეკ-ის მთავარი სტრატეგიული ბიზნეს ერთეული მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას და ბუნებრივი აირის რეალიზაციას. დღეისათვის სსეკ ამუშავებს 8 მცირე ჰიდროელექტროსადგურს საქართველოში და სტრატეგიული მნიშვნელობის თბოელექტროსადგურს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონში და უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვან ენერგორეზერვს. ჯიაიჯის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.