
21-22 აპრილს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა ”მოსწავლეთა პროექტების საერთაშორისო კონფერენცია 2017”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 40-მა მოსწავლემ საქართველოსა და აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქიდან. გამოვლინდა მეორე ტურში გადასული 14 მონაწილე. 22 აპრილს ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა მრავალფეროვანი პროექტები სოციალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ლიტერატურისა თუ ხელოვნების მიმართულებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი გამომგონებლები, დიზაინერები, ბიზნეს პროექტების, სცენარის, ფილმების, ნოველების ავტორები, რეჟისორები თუ მკვლევარები.
ორი დღის განმავლობაში მოსწავლეები ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას უზიარებდნენ. მეგობრულ ატმოსფეროში ხდებოდა ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება, ინტელექტუალური თუ სპორტული თამაშობები, რამაც უფრო დაახლოვა თანატოლები.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. პრიზიორებს კი კონფერენციის სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" რჩეული თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ტიგრან თრჩუნიანი გახდა. მან კონფერენციაზე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები წარმოადგინა, GIG ჯგუფისგან გამარჯვებულმა ლეპტოპი მიიღო.
საკუთარი რჩეული დააჯილდოვა „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმაც“. ენის შემსწავლელი 2 კვირიანი კურსი დიდ ბრიტანეთში გადაეცა "New School"-ის მოსწავლეს ანა ჯიშკარიანს, რომელმაც კონფერენციაზე ტურიზმის სფეროში საკუთარი ახალი ტიპის სასტუმროს ბიზნეს პროექტი წარმოადგინა.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მიესალმება და მხარს უჭერს ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ახალ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო პროექტებსა და ახალგაზდებისათვის მოტივაციის ამაღლებას ითვალისწინებს.