
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, საგანმანათლებლო სექტორში მორიგ პროექტს ანხორციელებს. "ჯი-აი-ჯი“ ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად, სწავლის პარალელურად, პრაქტიკის გავლის საშუალებას მისცემს. წარმატებულ სტუდენტებს კი დაასაქმებს.
ამ მიზნით, "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა" და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების თანახმად, კომპანია წარმატებულ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის, "ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარების" სწავლების მე-4 სემესტრის დასასრულს, პრაქტიკა გაიარონ ,,ჯი-აი-ჯისთან" აფილირებულ კომპანიებში.
"ზოგადად, განათლების სექტორი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფისთვის" არის პრიორიტეტული მიმართულება და საკმაოდ აქტიურ ინვესტირებას ვახორციელებთ ამ დარგში. კონკრეტულად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს სამაგისტრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკის გავლას კომპანიის სხვადასხვა საწარმოში, მიმართულებების მიხედვით. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს მათი პროფესიული ცოდნა, განათლება და უნარ-ჩვევები გაიღრმავონ რეალურ საწარმოო სივრცეში. ეს პროცესი სასარგებლო იქნება თავად კომპანიისთვის, ვინაიდან, დღესდღეობით დარგი სექტორის პროფესიონალების სერიოზულ დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ კომპანიის სპეციფიურ ჯგუფებში, საწარმოებში დასაქმდნენ” - განაცხადა გელენიძემ.
ასევე, გაიმართება შესაბამისი ლექციები და შეხვედრები. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ და ილიაუნის რექტორის მოადგილემ ნინო დვალიძემ.