
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" (ჯი-აი-ჯი) დაგეგმილი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, ჩინელ ინვერსტორთა ჯგუფს ხვდება.
15 ოქტომბერს, თბილისში "ჯი-აი-ჯის" ცენტრალურ ოფისში გამართული მოლაპარაკებების პროცესში კორპორაცია "Dongfang Electric Corporation "-ის პირველ პირებთან ერთად "Silk Road Fund"-ის მენეჯმენტიც ჩაერთო. ჩინელი ინვესტორები საქართველოში საერთაშორისო ფორუმის "თბილისის აბრეშუმის გზის" ფარგლებში იმყოფებიან.
მხარეებმა ტყიბულში ახალი თბოელექროსადგურის "ტყიბული 150"-ის ტექნიკური და ფინანსური მხარეები განიხილეს. ფონდის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია პროექტში ჩართვით და ამ ეტაპზე შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" "Dongfang Electric Corporation"-ს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში პარტნიორ მხარედ განიხილავს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ადგილზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მოლაპარაკებების პროცესში ჩინურ მხარეს წარმოადგენდნენ ,,Dongfang Electric Corporation"-ისა და "Silk Road Fund"-ის პირველი პირები. შეხვედრაში ქართული მხრიდან "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი, გენერალური დირექტორი იორგ მათიესი, ფინანსური დირექტორი ზურაბ გელენიძე, კომპანია "ტყიბული 150"-ის გენერალური დირექტორი გივი ჭაჭია და "ტყიბული 150"-ის მენეჯერი თორნიკე მელაძე მონაწილეობდნენ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მგვტ. სიმძლავრის, ნახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის ივნისში, “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის გაფორმდა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გოზალიშვილმა, მთავრობის მხრიდან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირზე მომუშავე ახალი მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობას, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად.