განსაკუთრებით გვიხარია ჩვენი - "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" ინიციატივით შექმნილ ლიდერობის აკადემიაში საერთაშორისო პროგრამების ჩართულობა. "საბადო" სამი დღის განმავლობაში ჰარვარდის პროგრამას მასპინძლობდა. ეს თანამშრომლობა პრესტიჟული და ახალი შესაძლებლობების მომტანია "საბადოსთვის", ჩვენი მომავალი ლიდერებისთვის. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების მენტორობით "საბადოს" მანგლისის კამპუსში HPAIR ლიდერობის პროგრამა განხორციელდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ გამოცდილების გამზიარებელი იყო არა უფროსი თაობა, არამედ თანატოლები - ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები. მათი მიზნები, ჩვევები, ქცევები, ხედვები და მითუმეტეს საერთო ენა გაცილებით უფრო მისაღები და ახლო იყო საბადოელებისათვის. მეტი თავისუფლება და მეტი საერთო ინტერესი.
ინტენსიური და მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა: გაეროს მოდელირებას (MUN), მოსწავლეთა მიერ, მათ ყველაზე დიდ ინტერესის სფეროსთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებას, საჯარო გამოსვლებისა და მოლაპარაკების უნარების განმავითარებელ სესიებს.
ბოლოს კი დრო პანელებს დაეთმო - საუნივერსიტეტო საკითხებზე. მენტორებმა გამოცდილება და რჩევები გაუზიარეს საბადოელებს.
სამ დღეს არ ჩაუვლია მხოლოდ სესიებსა და სწავლებაში. სწორედ ამით გამოირჩევა "საბადო". სასწავლო სესიების პარალელურად მენტორებიც და საბადოელებიც სპორტითა და გუნდური თამაშებით იყვნენ დაკავებულები. არჩევანი კი საბადოში საკმაოდ დიდია. სწავლა და გართობა ერთად ეს ის არის რაც "საბადოს" დღეებს დასამახსოვრებელს ხდის.





