
15 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მათი მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან მოსიაშვილის ინიციატივითა და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მხარდაჭერით, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოზარდებისთვის კულტურულ-შემეცნებითი აქცია გაიმართა.
მოზარდებმა საჩუქრად მათთვის საინტერესო, შემეცნებითი შინაარსის წიგნები მიიღეს, ადგილზე გაეცნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიას, საქმიანობას, მომსახურების წესებს.
"მიხარია, როცა ხელოვნება და ქველმოქმედება ერთიანდება საერთო სიკეთისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა და ბიზნესის მხრიდან მხარდაჭერა, რაც მსგავსი აქციების რეალიზების შესალებლობას გვაძლევს. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" კრიზისის პირველი დღიდან იყო ჩართული საქველმოქმედო აქციებში. მადლობა მათ, რომ მათივე ინიციატივით, კიდევ ერთხელ მოხდა ეს ჩართულობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად და პატარებს ერთი დღე გავუხალისეთ." - განაცხადა ლევან მოსიაშვილმა, რომელიც საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარია და აქტიურად არის ჩართული 13 ივნისს დაზარალებულთა მხარდამჭერ აქციებში. ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას დაზარალებული მოზარდებისთვის სამომავლოდაც გეგმავს.
"ეროვნული ბიბლიოთეკა თავად გახლავთ არაერთი საქველმოქმედო აქციის ინიციატორი და აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა აქციებში, დღეს მოზარდებს ვუმასპინძლეთ და მათ სიმბოლურად ბიბლიოთეკის საპატიო წევრების სიგელებიც გადავეცით. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობა, განსაკუთრებით ბიზნესის მონაწილეობა მეტი სიკეთის კეთების შესაძლებლობას გვაძლევს." - აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მოზარდებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარე ფრანგული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაშიც უმასპინძლეს, საჩუქრად უფასო აბონემენტები გადასცეს და ფრანგული კრუასანებით გაუმასპინძლდნენ.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აქტიურად არის ჩართული 13 ივნისს დაზარალებულთა დასახმარებლად განხორციელებულ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში. კომპანიამ დაზარალებულთათვის 10 000 ლარის ფარგლებში პირადი და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, ასევე, მედიკამენტები შეიძინა. ,,ჯი-აი-ჯი“ კვლავ აქტიურად არის ჩართული დაზარალებულთათვის გამართული სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების მხარდაჭერ აქციებში.