ქუქი-ფაილების გამოყენება:
ჩვენ ვიყენებთ ქუქი–ფაილებს თქვენი გამოცდილებისა და ჩვენი სერვისების გასაუმჯობესებლად. თუ თქვენ განაგრძობთ საიტის თვალიერებას, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ეთანხმებით მათ გამოყენებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი  კონფიდენციალურობის პოლიტიკა
12იანვარი
2026 - ჩვენი საჩუქარი

ყოველი წლის ბოლოს ჩვენი პარტნიორები ტრადიციულად გვეკითხებიან: რა იქნება წელს თქვენი საჩუქარი? წელს რა იდეა გაქვთ? ეს მოლოდინი უკვე შევქმენით, რაც ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად მოტივაციის საფუძველია. მთავარი მართლაც იდეაა...

 

პროექტი "შენი ისტორია", რომელიც, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის თაოსნობითა და ჯიაიჯი ჰოლდინგის მხარდაჭერით, შარშან დავიწყეთ კალენდრით "ფიქრებით სამშობლოზე", წელსაც გავაგრძელეთ.

 

ორი სიტყვით თავად პროექტზე, რომლის მიზანიც იყო და არის ჩვენი საზოგადოების ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ისტორიის კიდევ უფრო ღრმად გაცნობისა და გააზრების ხელშეწყობა - საინტერესო ფაქტების, ადამიანების, მათი კეთილშობილების, სახელმწიფოებრივი აზროვნების, სწორი მიდგომების, მათ მიერ გაკეთებული საქმეების, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ტრადიციებისა და სხვ.

 

მაგალითისთვის, ჩვენი აზრით, ძალიან საინტერესოა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი და მე-20 საუკუნის დასაწყისი, იმის გასააზრებლად, თუ როგორ შეძლო იმპერიის მარწუხებში მყოფმა ჩვენმა ქვეყანამ მომწიფებულიყო ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა - პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება 1918-1921 წწ და სხვ.

 

რა უნდა ყოფილიყო ჩვენთვის 2025 წლის მთავარი სათქმელი? 

კვლავაც ეროვნული იდეის ირგვლივ ჩამოვყალიბდით, აქტუალურობა დავინახეთ, გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ რისი გაკეთება შეძლო საუკუნეზე მეტი ხნის წინ დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, თავისუფალმა საზოგადოებამ  და მოქალაქემ.

 

მთავარი მთქმელი - ჩვენი წიგნი: “1028“  გახდა.  ამბავი, როცა არსებობს ნება - შექმნა სახელმწიფო, როგორ მოქმედებს ეროვნული ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი თავისუფალი საზოგადოება. როგორ ყალიბდება არასრული 3 წლის ანუ სულ 1028 დღის, განმავლობაში ჭეშმარიტი სახელმწიფოებრიობა.

 

საუკეთესო ავტორები და მკვლევრები შემოვიკრიბეთ, შევეცადეთ ფაქტებით, მოვლენებით და არგუმენტებით მოგვეყოლა 1028 დღიანი ისტორია. ის ადამიანები წამოვწიეთ, ვინც ამ პერიოდის  ეპიცენტრში იყვნენ. ჩვენ დავეყრდენით მხოლოდ პირველად საარქივო მასალებზე დაფუძნებულ ფაქტებს, მოვყევით რა შეიცვალა განათლების სისტემაში, თვითმმართველობასა და თავდაცვაში, რა რეფორმები ჩატარდა კულტურის სფეროში, ასევე ქალთა უფლებებსა და მათ როლზე, საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიის ხარისხზე და სხვ...

1028“ სწორედ ამ ისტორიებს ყვება...

 

წლის სიმბოლო - „ქალბატონი რესპუბლიკა“- იგი საქართველოს ღირებულებების, იმედისა და თავისუფლების ალეგორიული სახეა. გავრცელებული ცნობებით მისი ავტორი დიმიტრი შევარდნაძეა.

 

საქართველოს ისტორიაში ქალს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, აქვს და ექნება. ქალები ამ ქვეყნის ისტორიის შექმნაში ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულები. არც ბრძოლის ველს გაურბოდნენ, არც მართვას და არც სამზარეულოს... სწორედ ეს უნიკალური გამოსახულება ვაქციეთ ქანდაკებად.

 

იცნობდეთ: „ქალბატონი რესპუბლიკა“- მებრძოლი და თავისუფლებისმოყვარე.

 

სასაჩუქრე ნაკრების  მესამე ნაწილი - კალენდარი - მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ბიზნესისა და მეწარმეობის ისტორიის ქრონიკები, 365 საინტერესო ბიზნეს ამბავი. ესეც კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მეწარმეობასა და ბიზნესში, მათი ნიჭით, განათლებით, უნარებით, მომავლის ხედვით, მიზანსწრაფულობით, შეუპოვრობითა და ქვეყნის სიყვარულით.

 

გვიხარია, რომ ჩვენი 2025 წლის ნაფიქრი უკვე  თქვენთანაა, რომელიც დიდი შთაგონებით შევქმენით და გაგიზიარეთ.

 

კალენდარი ყოველღიურობას შეგახსენებთ, წიგნი თქვენს შთამომავლებსაც მოუყვება პირველი რესპუბლიკის ამბებს, ხოლო ქალბატონი რესპუბლიკა მხნედ  და ღირსეულად  შეგახსენებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პიროვნების, საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლება.

 

გაგრძელება იქნება…

 

... და გვჯერა, რომ ჩვენი ისტორიის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პერიოდებიდან საინტერესო ფაქტების გაცოცხლება და ღრმად გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გაძლიერების, ეროვნული თვითშემეცნების შემდგომი გაღრმავებისა და, სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე დასავლური სამყაროს სრულუფლებიან წევრად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს გზაზე.

WhatsApp Image 2026-01-29 at 16.47.01.jpegWhatsApp Image 2026-01-29 at 16.51.40.jpegWhatsApp Image 2026-01-29 at 16.47.03 (1).jpegWhatsApp Image 2026-01-28 at 17.07.03.jpeg

ნახე მეტი