
27 ივლისს ხელოვნების სასახლეში გამოფენა "საჩუქარი საქართველოს" გაიხსნა. "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" უპრეცედენტო პროექტი "ეროვნული სალაროს" საფუძველზე, ერთი წლის განმავლობაში, ხელოვნების სასახლეს ეხმარებოდა შეეძინა და რესტავრაცია ჩაეტარებინა ხელოვნების ნიმუშებისთვის, რომლებიც მუზეუმის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეარჩიეს.
ნივთების უმრავლესობა ქვეყნიდან გასატანად იყო გამზადებული და ფონდის დახმარებით, საქართველოს ეროვნული საგანძურის ნაწილი გახდა. პროექტის სახელწოდება დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ პროცესებთან.
გამოფენაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ნივთების კოლექცია, რომელიც მუზეუმმა "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" დახმარებით ერთი წლის განმავლობაში შეაგროვა. უნიკალური ქართული კინო და ისტორიული კოსტუმები, ოქრომკედით შესრულებული მათი ნაქარგობა, ლეონარდო დავინჩის სკოლის ნამუშევარი, ევროპული პეიზაჟები და მარინისტული ტილოები, თეთრ პერგამენტზე შესრულებული რაინდთა ტურნირების სცენებით გაფორმებული ფოტოალბომი, აღათი დადიანის ვერცხლის სასმისი, რაჭის ერისთავების ყაბალახი, ზაქარია ჭიჭინაძის წერილები, სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მარაო, მეფე ვახტანგ VI-ის კაბა (ფილმიდან "დავით გურამიშვილი") მამაკაცის კაბა, მოხატული ხავერდი (ფილმიდან "გიორგი სააკაძე") და სხვა.
გახსნის ცერემონიას საზოგადოების ცნობილი სახეები ხელოვნებათმცოდნეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ