
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია კვლავ აგრძელებს აქტიურ პარტნიორობას "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან" საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსების დღიდან, როგორც ერთგული და სანდო პარტნიორი, ფონდის ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.
"დიდი პატივია ვიყოთ ქართველი ჯარისკაცების სამსახურში, ვიზრუნოთ და საკუთარი პატივისცემა გამოვხატოთ მათი თანადგომით. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დაჭრილი მეომრებისა და მათი ოჯახების თანადგომას და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას." - აღნიშნულია "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებლის, დავით ბეჟუაშვილის მიმართვაში.
15 დეკემბერს "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა" საზოგადოებას, ტრადიციულად, წლიური ანგარიში წარუდგინა.
ფონდის დაფუძნებიდან დღემდე "საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ფონდის დამფუძნებლებმა და სხვა ბიზნეს კომპანიებმა, ერთობლივი მხარდაჭერის შედეგად 1 200 000 ლარის მობილიზება შეძლეს. ამ თანხით ორასამდე დაჭრილ მებრძოლს და მათ არასრულწლოვან შვილებს სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარებები გაეწიათ.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს შორის, რომელიც ამ აქციაში ჩაერთო. დავით ბეჟუაშვილის გადაწყვეტილებით, ეს არ იქნება ერთჯერადი სახის კონტრიბუცია და პარტნიორობა გრძელვადიან ფორმატში გაგრძელდება.
საქველმოქმედო ლანჩს საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ელჩები დაესწრნენ.