
"ჯი-აი-ჯის" დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი უკრაინაში პირველი კონცესიის პროექტის, ხერსონის პორტის უცხოელი ინვესტორისათვის მართვაში გადაცემის კონტრაქტზე ხელმოწერას დაესწრო.
26 ივნისს ქ. ხერსონში უკრაინის მთავრობასა და ქართულ-შვეიცარიულ კომპანია “LLC RISOIL–KHERSON”-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და ძალაში შევიდა უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიის 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება. კონტრაქტის თანახმად, ხერსონის სავაჭრო საზღვაო პორტი კომპანია “LLC RISOIL–KHERSON”-ს 30 წლიან მართვაში გადაეცა.
კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას ქ. ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაესწრო. უკრაინის პრეზიდენტმა კონცესიის მხარდაჭერის შესახებ ხმამაღლა ჯერ კიდევ 2020 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ეკონომიკისათვის ახალი ეკონომიკური პოლიტიკისა და საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ რეფორმებმა ინვესტორს სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლება მიანიჭა, რამაც სრულიად ახალი და განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის და პირველ რიგში, უკრაინის ეკონომიკისათვის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში პირველი წარმატებული კონცესიის პროექტის განხორციელებაში მთავრობის პარტნიორები საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გახლავთ. უკრაინის ოფიციალურ პირებთან ერთად ცერემონიას დაესწრნენ გამარჯვებული ინვესტორი კომპანიის დამფუძნებლები: ჯიაიჯის დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი და შვეიცარიული კომპანია „RISOIL S.A.”-ის წარმომადგენლები.
უკრაინის მთავრობამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კონკურსში გამარჯვებული კომპანია საზოგადოებას და მედიას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წარუდგინა. ოფიციალური კიევი აღნიშნავდა, რომ საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი გამარჯვებული ინვესტორის სანდო რეპუტაცია და მათი მხრიდან წარმოდგენილი საუკეთესო საინვესტიციო წინადადებები და ბიზნეს გამოცდილება გახდა.