
”ევროპული სკოლის” ოქროს მედალოსან კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიან საბაკალავრო პროგრამას ”სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტ-საქართველოში” ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” სრულად დაუფინანსებს. წარჩინებული მოსწავლის დაჯილდოება, შეხვედრა ”სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანთან საქართველოში” დოქტორ კენ უოლშთან და უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების წარდგენა ”ევროპულ სკოლაში” გაიმართა.
ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს განათლების ყველაზე აქტუალური - STEM მიმართულება, რომელიც გულისხმობს განათლების მიღებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის დარგებში. საქართველოში მის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისე კერძო ორგანიზაციები. სწორედ ამ მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად მემორანდუმი, რომელიც ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა” და ”სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტს-საქართველოს” შორის გაფორმდა და რომლის ფარგლებშიც ევროპული სკოლის კურსდამთავრებულ ანი გვერდწითელს 4 წლიანი საბაკალავრო პროგრამა სრულად დაუფინანსდება.