
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" არა-აღმასრულებელმა დირექტორმა, გელა ბეჟუაშვილმა, საქართველოში "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. კომპანიის მიერ დაფუძნებული სასწავლო სტიპენდიები "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" (SDSU) წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში გელა ბეჟუაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციები და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა და დასაქმება, რომელთა პროფესიული უნარ-ჩვევებიც ქვეყნის განვითარებას მოხმარდება. ,,"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს იმ ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას, რომელთაც ექნებათ სურვილი ცოდნას დაეუფლონ საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით. ასევე, კომპანიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელი იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე.“- აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კომპანიას სან დიეგოს უნივერსიტეტის დეკანმა ჰალილ გუვენიმ სპეციალური ჯილდო გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ბიზნეს სექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე: ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), აშშ-ის საელჩოს, სილქნეტის, GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლებმა.