
დაბა მანგლისში საქართველოში ყველაზე დიდი იდეათეკა გაიხსნა. რიგით 23-ე იდეათეკა საქართველოს ბანკის, „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“, ჯიაიჯისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ პარტნიორობით სრულად ტრასნფორმირდა. ძველმა ბიბლიოთეკამ ახალი ფუნქციები შეიძინა. განახლდა წიგნის ფონდი 3000-მდე წიგნით, ტექნოლოგიურად აღიჭურვა კომპიუტერებით, პრინტერებით და პროექტორით, განსაკუთრებული დიზაინით, ბავშვებისათვის ყველაზე სახალისო - STEM კუთხე, სადაც მომავლის პროფესიების გაცნობა ხდება. გადამზადდა ადგილობრივი კადრები. მათ უკვე ელექტრონულ ბიბლიოთეკებთანაც ექნებათ წვდომა.
იდეათეკა სკოლის ნაცვლად დაბის ბიბლიოთეკაში გაიხსნა, რაც საშულებას მისცემს დაბაში მყოფ ყველა ბავშვს წიგნი და ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იყოს.
იდეათეკაში ცალკე კუთხეა დათმობილი „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მიერ გამოცემული წიგნებისთვის. მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა ახალი შესაძლებლობაა მანგლისელი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული განათლება, მეტი ხელმისაწვდომობა სიახლეებთან, ინოვაციებთან და რაც მთავარია, ახალი თავშეყრის ადგილი, სადაც დისკუსია, მსჯელობა, ახალი ფილმების ნახვა და განხილვა შეეძლებათ, ამოქმედდება თემატური კლუბები, წრეები და მეტი კომუნიკაცია ექნებათ დედაქალაქის სხვა რეგიონების თანატოლებთან, თანამოაზრეებთან.
იდეათეკის გახსნას „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდისა“ და ჯიაიჯი ჰოლდინგის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და იდიათეკების იდეის ავტორი, „სულაკაურის გამომცემლობის“ დამფუძნებელი, თინა მამულაშვილი ესწრებოდნენ.