
ამერიკული ისტორიის მობილურმა მუზეუმმა მოგზაურობა დაიწყო. თბილისის შემდეგ ექსპონატები საქართველოს სამ რეგიონში გამოიფინება. ამერიკის კულტურის ცენტრისა და ამერიკის საელჩოს ინიციატივას ფინანსური მხარდაჭერა ჯიაიჯიმ გაუწია.
პირველ ეტაპზე, ექსპონატთა რაოდენობა შედარებით მცირეა, თუმცა, შთამბეჭდავი. საგამოფენო სივრცეს ახალი ექსპონატები მოგზაურობის დროს შეემატება. წერილები თეთრი სახლიდან, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტებისა და პირველი ლედების წერილები, ჯონ კენედის საინაუგურაციო სიტყვის ჩანაწერი ვინილის ფირფიტაზე, ბარბის პირველი თოჯინები, კოკა-კოლას პირველი ლითონის ქილა.
განსაკუთრებით საინტერესოა ექსპონატებს შორის ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენების ნაწარმი - პრინც მაჩაბლის სუნამო და გრიგოლ კობახიძის - კობის შუშის საახალწლო სათამაშოები, რომლის გამოგონებაც მასვე ეკუთვნოდა. ასე რომ, ექსპონატთა შორის ქართველების ამერიკული წვლილიც ჩანს. ამერიკული ისტორიის მუზეუმმა სტარტი თბილისიდან აიღო. ამ აქციის მთავარი იდეა ამერიკული კულტურის, პოლიტიკის, ბიზნესის ისტორიის გაცნობაა. რა ღირებულებები აქვს ახალგაზრდა სახელმწიფოს, როგორ დაიბადა და განვითარდა დემოკრატია. საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების თემები ჩვენი ჯგუფისთვის ყოველთვის საინტერესოა, ასეთ ინიციატივებს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. მუზეუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე და ჯიაიჯის გენერალური დირექტორი.