
ჯიაჯისა და "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის ბენეფიციარები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.
"2025 წლის საქმიანობისთვის ფონდს უკვე შემოუერთდნენ შემომწირველები და აღსანიშნავია, რომ წლის პირველი დონორი დავით ბეჟუაშვილია, რომელმაც მის მიერ დაფუძნებული განათლების ფონდის მეშვეობით კიდევ ერთხელ გამოუცხადა თანადგომა ჩვენ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს“- აღნიშნა წლიური ანგარიშის მოხსენებისას "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" ხელმძღვანელმა, "სილქნეტის" გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.
ჯიაიჯი ფონდის შექმნის ინიციატივის და იდეის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერია და უკვე წლებია, რაც აქტიურად არის ჩართული დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის მნიშვნელოვან პროცესში. დაჭრილ მებრძოლთა ჯანმრთელობის, დაღუპული გმირების ოჯახის წევრების განათლების მხარდაჭერისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველყოფაზე უკვე მეორე წელია აქტიურად მუშაობს "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდიც".
"ჩვენი გმირები, ჩვენი ჯარი ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ ყველანი. მათთვის გამოხატული თანადგომა მოკრძალებული მადლიერება და პატივისცემაა. განათლების ფონდის მიზანია დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს დავეხმაროთ ღირსეული განათლების მიღებაში. ვფიქრობთ, ეს ქვეყნის ერთგულების და პატივისცემის გამოხატვის კარგი შესაძლებლობაა“ - აღნიშნა დავით ბეჟუაშვილმა.
"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" 2018 წელს დაფუძნდა და საქართველოს ჯარში მომსახურე ყველა დროის დაჭრილ მეომარს, მათ არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს ეხმარება ახალ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციასა და მათ დამოუკიდებელ, სრულფასოვან საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებაში.
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" საგანმანათლებლო საქველმოქმედო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა დავით და გელა ბეჟუაშვილების მიერ. ფონდის დამფუძნებლები თვლიან, რომ განათლება განვითარებული, თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც აქ ჩადებული ინვესტიციები ამ ღირებულებების დამკვიდრებისათვის გაღებული ის წვლილია, რომელიც მთლიანად ქვეყნის განვითარებაში იდება.
"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი" და ჯიაიჯი წლებია, რაც თანაპარტნიორობის ფარგლებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და ეროვნულ პროექტებს ახორციელებენ.