,,ტყიბული 150“ - ქვანახშირზე მომუშავე 150 მეგავატიანი თბოელექროსადგური.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ადგილორივ ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2016 წლიდან. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე იქნება 150 მგვტ., ხოლო წლიური გამომუშავება - 1 მილიარდი კვტ/სთი.
პროექტი ადგილორივი და ჩინური ინვესტიციით, ერთობლივად განხორციელდება.
,,ტყიბული 150“ - ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს , რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
2015 წლის 16 ოქტომბერს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩინურ კორპორაციას “Dongfang Electric Corporation”-სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოლიდური ჩინური ინვესტიციის დაბანდებას უზრუნველყოფს.
მხარეთა შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა ,,განზრახულობათა ოქმი - პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე“, რომელსაც ჩინური მხრიდან კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ, ქართული მხრიდან კი, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა მოაწერა. პროექტის განხორციელების მიზნით გაფორმებული სტრატეგიული დოკუმენტის პარალელურად , ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ტყიბული 150“-ს შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი საქართველოს ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა. პროექტის ძირითადი ხელშეკრულება - ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის EPC კონტრაქტის თაობაზე, რომელსაც, ქართული მხრიდან, კომპანია ,,ტყიბული 150“-ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ და ჩინური მხრიდან - “Dongfang Electric Corporation”-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ მოაწერა.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშივე “Dongfang Electric Corporation”-სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთაგების მემორანდუმს, საქართველოში ჰიდროელექროსადგურის მშენებლობის პროექტის ერთობლივი განხორციელების თაობაზე.
“Dongfang Electric Corporation” - წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. “Dongfang Electric Corporation”-ი მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს.
კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები. “Dongfang Electric Corporation”-ი იკავებს წამყვან პოზიციას ჩინურ ბაზარზე საერთაშორისო კონტრაქტორის როლში და ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 30-ზე მეტ ქვეყანაში.