
,,საქნახშირი ჯი-აი-იჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით -ტყიბულში მინდელის სახელობის შახტზე სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის , ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა მათ შახტში დანერგილი უსაფრთხოების ახალი სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ადგილზე გააცნო სისტემის მუშაობის პრინციპი. აღსანიშნავია , რომ კომპანია ახალი სისტემის დასანერგად ერთი წელია რაც ჩინურ და უკრაინულ მხარესთან ერთად მუშაობს , რის შედეგადაც უსაფრთხოების ელექრონული მოდელი , სპეციალურად მინდელის შახტისთვის შეიქმნა და სენსორები 400 მეტრის სიღმეზე დამონტაჟდა. აირების კონტროლის, პერსონალის მონიტორინგისა და დისპეჩერიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა მინუმუმადე დაიყვანს მეთანის აფეთქებისა და მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს.
პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს ესაუბრნენ და ასევე ადგილზე გააცნეს შახტში დანერგილი სხვა სიახლეებიც. პროექტის ფარგლებში შახტში ყველა უბანზე დამონტაჟდა ნახშირორჟანგის, მეთანისა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის საზომი სპეციალური სენსორები.თითეული მეშახტე სამუშაოდ გასვლის წინ აღიჭურვება ეკიპირებით, რომელსაც თავისი ნომრიანი ინდივიდუალური ჩიპი აქვს. მათი მონაცემები ავტომატურად გადაეცემა უბანზე დამონტაჟებულ სენსორებსა დასაოპერატორო სამსახურს, რომელიც ზუსტად აფიქსირებს თუ რომელ უბანზე იმყოფება კონკრეტულად მეშახტე.