16 ოქტომბერს, ,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩინურ კორპორაციას “Dongfang Electric Corporation”-სა და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოში სოლიდური ჩინური ინვესტიციის დაბანდებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებების ხელმოწერას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ დალიანში კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”-ის პრეზიდენტს სი ზეფუს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა “Dongfang Electric Corporation”-ის მიერ საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო სტრატეგიული მიზნები და კონკრეტული პროექტები.
მხარეთა შორის მიღწეული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა ,,განზრახულობათა ოქმი - პარტნიორთა შეთანხმების თაობაზე“, რომელსაც ჩინური მხრიდან კორპორაცია “Dongfang Electric Corporation”-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ, ქართული მხრიდან კი, ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა მოაწერა.
პროექტის განხორციელების მიზნით გაფორმებული სტრატეგიული დოკუმენტის პარალელურად , ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ტყიბული 150“-ს შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა.
აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მიღწეული ზემოაღნიშნული შეთანხმებები ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ელექტროენერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ასევე ფორმდა ძირითადი ხელშეკრულება - ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის EPC კონტრაქტის თაობაზე, რომელსაც, ქართული მხრიდან, კომპანია ,,ტყიბული 150“-ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ და ჩინური მხრიდან - “Dongfang Electric Corporation”-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ მოაწერა. შეთანხმების შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2016 წლიდან. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე იქნება 150 მგვტ., ხოლო წლიური გამომუშავება - 1 მილიარდი კვტ/სთი.